logo
ENG



კასიანოვი: გაუგებარია განცხადებები, რომ უკრაინამ საქართველოსგან "ბუკები" უფასოდ მოითხოვა

19 იან 202300:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/akbu7sr24bfnbjq.jpg

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის თქმით, გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ "უკრაინამ საქართველოსგან "ბუკის" საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა ითხოვა". ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

კასიანოვის თქმით, უკრაინის სურვილია, მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართზე ამასთან დაკავშირებით 30 ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა, თუმცა მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.

"უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეისყიდოს ისინი საქართველოსგან ურთიერთსასარგებლო პირობებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

უკრაინული მხარე ხაზს უსვამს საქართველოს საიმედო მოკავშირეების წრის ჩამოყალიბებისა და მისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მნიშვნელობას. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ვაფასებთ და განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა, პარტნიორების ფართო კოალიციის ფორმატში, რამშტაინის ფორმატში, თითოეული ქვეყანა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე სამხედრო დახმარების მიმღები, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა ეს ფორმა იმისათვის, რომ ძველი შეიარაღება მოიშოროს და ახალი იყიდოს", - თქვა კასიანოვმა.

***

9 იანვარს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.

გარდა "ბუკის" სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

კასიანოვის სტატიას ქართული ოცნების წევრებისგან კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ სამხედრო აღჭურვილობაში "მილიარდებია გადახდილი", რომ ანდრიი კასიანოვი "არაადეკვატურია თავის მოქმედებებში"  და "საერთოდ, რასაც იგი [კასიანოვი] დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ".

ოცნების წვერმა გივი მიქანაძემ კი განაცხადა, რომ "ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რაღაცნაირად აი, ამ [უკრაინის] ომში იყოს ჩათრეული".

10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო ბუკის სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს უკრაინისგან "უსასყიდლოდ" არ მიუღია. მათი თქმით, "ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს.


close დახურვა